უკრაინის საგარეო უწყება: ქართველმა დიპლომატმა დაგვარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთთან ფრენების განახლებას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენი პერებიინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევჰენი პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქების, კიევის, ლვოვის, ხარკოვის, მიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდებისთვის, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება იგეგმება 2023 წელს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, რომ ქვეყანა რუსული აგრესიის გამო დაეტოვებინათ.

„მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლებას.

ევჰენი პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა ქართველ დიპლომატს, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა, ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისო დიალოგის გააქტიურება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს. აღნიშნული განცხადების გამო, ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტებისთვის დაიბარეს. უწყების ცნობით, კასიანოვთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები