საგარეო უწყება: უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით – შეხვედრაზე გამოითქვა იმედი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა დასრულდა. ანდრეი კასიანოვს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია შეხვდა.

“2023 წლის 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრა იყო დღეს კიევშიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ საქართველოში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ უკრაინის მოქალაქეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები