მიხეილ სარჯველაძე: საქართველო ნამდვილად არ გამოიყენება საიმისოდ, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი აუაროს
“საქართველო ნამდვილად არ გამოიყენება დღეს საიმისოდ, რომ რუსეთისთვის საშუალება გახდეს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ეს ყველასთვის ცნობილია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ამაზე განცხადებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ასეთი გავლენიანი მედიასაშუალება [CNN] ამ ფაქტს წარმოაჩენს, როგორც ნამდვილ გარემოებად, ბუნებრივია, ამ გარემოების უარყოფა მოხდება. როდესაც შენი ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი განცხადება კეთდება, მცდარი ფაქტების ტირაჟირება ხდება, რატომ შეიძლება ჩაითვალოს ანტიდასავლურ, პრორუსულ განცხადებად და რუსეთის სიყვარულად, ეს რეაქცია ნებისმიერი მედიასაშუალების მიმართ, ეს აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკურ არგუმენტირებას, აქედან გამომდინარე კიზინგერის მხრიდან ეს შეფასება არის მცდარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს.