თალაკვაძე – კინზინგერის განცხადებაზე: საწყენია ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს
ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლოა. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებები, დეზინფორმაცია ვრცელდება, მაშინ ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ ვინც არ უნდა იყოს და რა არხითაც არ უნდა იყოს გაჟღერებული, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და საქართველოს რეპუტაცია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ის საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს.
„მე ადამ კინზინგერისგან, რომელიც ერთ დროს იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, მოველი, რომ მანაც გააკეთოს შესაბამისი ანალიზი და გამოეხმაუროს იმ დეზინფორმაციას. მისი ქვეყნის ადმინისტრაცია, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ოფიციალურად დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს, არ არღვევს ომის დროს საერთაშორისო საზოგადოების მიერ შედგენილ წესებს. საქართველო არ არის და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. რაც შეეხება ბატონ ირაკლი კობახიძეს, მისი საქმიანობა და შედეგები, რომელიც მას აქვს პოლიტიკაში როგორც პარტიის ლიდერს, პირდაპირ აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გახლავთ ახალი თაობის და პროდასავლური პოლიტიკოსი. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმები და ნებისმიერი საკითხი, რაც უკავშირდება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება. არავითარი საფუძველი არ აქვს კინზინგერის განცხადებას და საწყენია ერთ დროს ჩვენი, საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით ეხმიანება საკითხს“, – აცხადებს თალაკვაძე.