გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილზე: ის გვაგონებს ქართულ მულტფილმს, “ყურშა გაყოყოჩდა“
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კარგად მიჰყავს.
“ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანია რევოლუცია. ის არსად შემვარდნელი არ არის, ხაბეიშვილი გვაგონებს ქართულ მულტფილმს – „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო. ამაზე უკვე ხალხი იღიმება, რადგან ხაბეიშვილზე სერიოზულ კომენტარს პარტიის ლიდერებიც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.