ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 1-5 თებერვალს მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფილმების ჩვენება „არაჩვეულებრივი გამოფენით” (1968 წ.) 1 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიხსნება. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი” (1963 წ.), „მიქელა” (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983 წ.), „სავარძელი” (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977 წ.), „შერეკილები”(1973 წ.) და „მრავალჟამიერი” (ტრილოგია)(2022 წ.).
ჩვენებების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.