“ვაშინგტონი ცდილობს სტრატეგიული მარცხი მოგვაყენოს” – აშშ-ში რუსეთის ელჩი უკრაინისთვის Abrams-ების, სავარაუდო მიწოდებაზე

აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ვაშინგტონი აგრესორია და რუსეთის დამარცხებას ცდილობს.

ამის შესახებ მან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით დღეს, თეთრი სახლი კიევისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს.

„ცხადია, ვაშინგტონი შეგნებულად ცდილობს ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მოყენებას“, – ნათქვამია ანტონოვის განცხადებაში, რომელიც საელჩოს “ტელეგრამში” განთავსდა.

ელჩმა დასძინა, რომ თუ “აბრამსი” უკრაინაში გამოჩნდება, მაშინ “ეჭვგარეშეა, რომ ისინი განადგურდებიან, როგორც ნატოს სამხედრო ტექნიკის ყველა სხვა ნიმუში”.

“თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ ასეთი ნაბიჯი ვერ გამართლდება “თავდაცვითი იარაღის” არგუმენტებით. ეს იქნება მორიგი თავხედური პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, ვინ არის დღევანდელ კონფლიქტში ნამდვილი აგრესორი“, – განაცხადა ანტონოვმა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები