დიმიტრი ხუნდაძე: კასიანოვს მინდა შევახსენო, ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი – ყველაფრის მკადრებელი ელჩი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება
ასეთი ზღვარსგადასული განცხადებები მოთმინების კულმინაციას ქმნის ჩვენში, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
ხუნდაძის თქმით, ყველაფრის მკადრებელი ელჩი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.
„საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩისგან ასეთი ზღვარსგადასული განცხადებები მოთმინების კულმინაციას ქმნის ჩვენში. კასიანოვს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.
უკრაინის ხელისუფლების და მისი წარმომადგენლის ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი განცხადებებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მათ კარზე ხდება.
უკვე ვიცნობთ უკრაინის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ კვირაში რადიკალურად განსხვავებულად საუბრობენ და ცოტა ხანში, კასიანოვის შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს. დრო ბორბალივით ტრიალებს და ამ ბორბლის ქვეშ, როგორც ჩანს, ბევრი აღმოჩნდება. უკრაინელ ხალხს კი ვუსურვებ მშვიდობას და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის,საქართველოში უკრაინის საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ. აღნიშნულის შესახებ Європейська правда-სთან ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.