არჩილ თალაკვაძე: საქართველო არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი

საქართველო არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო ზედმიწევნით იცავს იმ საერთაშორისო წესებს, რომელიც ომის პერიოდში იყო დაწესებული ჩვენი პარტნიორების და მთელი დასავლური საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას.

„ბევრი მაგალითი არსებობს, თუ რა პოზიციები დავაფიქსირეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ უკრაინელებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და საქართველო მომავალშიც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ნამდვილ მეგობრებს უკრაინაშიც და მსოფლიოშიც სჯერათ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას უფრო მეტად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი უსაფრთხოება, მშვიდობა იქნება დაცული, საქართველო ეკონომიკურად იქნება უფრო ძლიერი. ჩვენ ამ პოზიციიდან ვხედავთ ჩვენს თანამშრომლობას. იმედი მაქვს, მშვიდობა, მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება უკრაინაში და ყველა ერთად შევძლებთ, დავიწყოთ აღდგენის პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც უკვე დაწყებულია მსჯელობა, რომ ევროპული ოჯახი მზად შეხვდეს იმ დროს, როდესაც უკრაინაში უკვე საჭირო იქნება მნიშვნელოვანი მოქმედება, მნიშვნელოვანი რესურსების მიმართვა აღდგენისთვის. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს უსამართლო ომი უნდა დასრულდეს დროულად, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ეს მომავალი უდავოა, რომ იქნება მშვიდობიანი.

რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული და მათ არა აქვთ არცერთი საქმიანი თემა, არა აქვთ არცერთი სამომავლო გეგმა, რასაკვირველია, მათთვის ყველაზე ადვილია, რომ ილაპარაკონ უკრაინის საკითხის გამოყენებით, უკრაინის საკითხის საფარქვეშ და ილაპარაკონ პროდასავლურობაზე. საქმეებს და შედეგებს თუ დავაკვირდებით, ყველაზე მეტი სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აქვს გაკეთებული როგორც დასავლეთისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, ასევე უკრაინასთან მიმართებაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მათ. ამას თუ გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ეს საკითხები მათ სჭირდებათ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები