კობახიძე – პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე: ის ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა
პრემიერმინისტრი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ინტერპელაციის პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით და მასზე როგორც პრემიერის, ასევე მთავრობის სხვა წევრების მისვლა სავალდებულოა.
„პრემიერი განმარტავს ყველაფერს. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მუდმივად განახლდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მის განვითარებასთან. რაც შეეხება დეტალებს, თავად პრემიერი ისაუბრებს ამ თემებზე პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადეს. დეპუტატებს პრემიერთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ.