გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე” – ამათი დავის საგანია ის თემები, რაც ახასიათებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას – სიბინძურე

პოლიტიკური პარტიის ადგილზე გარკვეული აგრესიული დაჯგუფების წარმოშობა მიმდინარეობს, რომელიც ძალისმიერ მეთოდებზეც წამსვლელია. გარკვეული რევოლუციური კომიტეტი იქმნება, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან, გინდ წარსულის გამოცდილებით და გინდ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„რასაკვირველია, პარტიული დაპირისპირების გარეთ გამოტანა, გამჭვირვალეობა, საზოგადოების წინაშე ამ თემებზე საუბარი დემოკრატიულობას მიუთითებს, მაგრამ ამ დემოკრატიულობის ეგიდით იმდენი სიბინძურე გადმოინთხა, რომ სიტყვა დემოკრატიულობის ხსენება ამ პროცესთან მიმართებაში სერიოზული უხერხულობის მატარებელია.

რასაც ვუყურებთ, უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური პარტიის ადგილზე გარკვეული აგრესიული დაჯგუფების წარმოშობა მიმდინარეობს, რომელიც ძალისმიერ მეთოდებზეც წამსვლელია. გარკვეული რევოლუციური კომიტეტი იქმნება, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან, გინდ წარსულის გამოცდილებით და გინდ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მანქანის წარმოშობაზე რომ გითხრათ, ფაქტია, ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული. ამ მოპარვას შეფასება სასამართლომ უკვე მისცა. რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ. ესენი ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალურ თემატიკაზე. ამათი დავის საგანია ის თემები, რაც ახასიათებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას – სიბინძურე, რაც ბევრი არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდით და ახლა გარეთ გადმოინთხა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის. აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და კეზერაშვილს მიმართა – „დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები