მიხეილ სარჯველაძე – გიორგი გახარიაზე: ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია

ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ დასმულ კითხვას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულა.

სარჯველაძის თქმით, გიორგი გახარიას შეფასებები ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია.

„კი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია. ასეთი რამ, შეიძლება ვინმეს დაემართოს. ფაქტია, რომ მან აირჩია არასწორი გზა და თავისი კარიერის არასწორი მიმართულება საბოლოო ჯამში. მას ჰქონდა დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამჯობინა სწორედ ნაკლოვანებების მხრივ წასვლა. არ შეიძლება გაილანძღოს გუნდი, რომელშიც შეიძლება უკეთური პოლიტიკოსი მსახურობდა ოდესღაც, მაგრამ ის მოიკვეთა ან თვითონ წავიდა, ვერ იპოვა ამ გუნდში თავისი ადგილი, არ შეიძლება გუნდი ილანძღებოდეს ამ ადამიანის გამო.

მე მგონია, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია ის, რაც ბატონმა გიორგი გახარიამ შემოგვთავაზა, მათ შორის CNN-თან დაკავშირებული ინციდენტის ინტერპრეტაცია. შეეცადა, რომ ის, რაც უხეში შეცდომა იყო ჟურნალისტის მიერ დაშვებული, რა ფორმითაც იყო დასმული კითხვა, რაც აშკარა პოზიციონირებას ნიშნავდა, გაეტარებინა, როგორც უბრალოდ კითხვის დასმა. რაც შეეხება ივანიშვილის გვარის ხსენებას, აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს და არასწორი რეალობაა და ეს არის ის, რაც ჩვენი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი გახდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ივანიშვილის პარტია CNN-ს „ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები