ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ტინი კოქსს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევას – მას პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის პრინციპული და სწორი პოზიცია აქვს

ტინი კოქს მინდა მივულოცო ხელმეორედ არჩევა პრეზიდენტის პოსტზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოქსს ყოველთვის ძალიან პრინციპული და სწორი პოზიციები უკავია.

„ჩვენი პოზიცია იყო მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ კენჭისყრის დროს. მას უკავია ყოველთვის ძალიან პრინციპული და სწორი პოზიციები ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც არის დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი გუნდის ლიდერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი მეორე კანდიდატს, ალექსანდრ მერეჟკოს.

„მიზეზი იყო ორი. ერთი ის, რომ ერთგვარად დაირღვა პრაქტიკა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული წლების მანძილზე საპარლამენტო ასამბლეაში, განმეორებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევა ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე – ეს ერთი და მეორე ალტერნატიული კანდიდატი იყო მხარდამჭერი იმ რეზოლუციისა, რომელშიც გაკეთდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ჩანაწერები მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი რატომაც არ დავუჭირეთ მხარი ალტერნატიულ კანდიდატურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები