ირაკლი კობახიძე: არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე
არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ უცხოელმა პარტნიორებმა ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ.
„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში. 2012 წლამდე მართლმსაჯულების სისტემა თუ იყო მთლიანად პოლიტიკური სისტემის ქვეშ, სააკაშვილი-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, რომ ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს და წერს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას.