კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება მმართველი გუნდისთვის მისასალმებელია.
„როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით ხაზი ესმება თითქოს ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სანქციების გვერდის ავლის საკითხში ქვეყანა არასოდეს დაუდანაშაულებია.