პაველ ჰერჩინსკი: ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება – შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს
„ისევ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში, მქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან. წლის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ 12 ვალდებულების შესრულების პროცესზე. როგორც იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პროგრესი შედეგებზე დაყრდნობით შეფასდება.
“საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად, ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება. შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს. ეს გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე. ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.