არჩილ თალაკვაძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში აქტიურად ვართ ჩართული
„საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული სესიის საქმიანობაში და ახლაც, როგორც სხდომებზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დატვირთული გეგმა და დღის წესრიგი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კოლეგებს ჰქონდეთ განახლებული ინფორმაცია მიღწევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, ასევე გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს.
“რაც შეეხება თავად სესიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ იქნება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები, ასევე განიხილება მნიშვნელოვანი ანგარიშები, რომელიც მსოფლიოში მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხება. ჩვენ ვმონაწილეობთ როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ასევე კომიტეტების შეხვედრებში და მონაწილეობას მივიღებთ სესიაში.
რა თქმა უნდა, ევროპაში ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლავთ, რომ კოლეგებს გავუზიაროთ რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს როლი, უსაფრთხოების გამოწვევები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ოკუპაციასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიწოდება და რაც მთავარია, საქართველოს ევროპული დღის წესრიგი და რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებს ჰქონდეთ განახლებული ინფორმაცია მიღწევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, ასევე გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა, რომ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ასევე მივიღოთ მათგან რჩევები. დელეგაციის აქ ყოფნის მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამ სესიასაც გამოვიყენებთ ამ მიზნით, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს აქვს დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები და ამ შეხვედრებზე საუბარი იქნება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც ეხება საქართველოსა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.