დავით მათიკაშვილი – 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე: ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება

“ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული. არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას.

მისივე თქმით, არჩევანი, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას გულისხმობს, ძალიან დიდი ხნის წინაა გაკეთებული.

“უამრავი სპეკულაცია, ტყუილი და საკუთარი დღის წესრიგის ხალხის დღის წესრიგად გასაღების მცდელობა გვაქვს მოსმენილი და ნანახიც რადიკალური ოპოზიციისგან. ქართული საზოგადოებისთვის არახალია “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, ქაოსი შემოიტანონ და ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეაფერხონ, აქამდეც ყოფილა არაერთი ასეთი მცდელობა, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რეალურად ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია და იდეები, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევანი, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას გულისხმობს, გაკეთებულია ძალიან დიდი ხნის წინ. სწორედ “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდგომ იქნა პირდაპირ დაფიქსირებული, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია სწორედ ევროპა და ევროკავშირია და ძალა, რომელმაც ამ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა, იყო “ნაციონალური მოძრაობა”. ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი პირი ისევ ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს საზოგადოებას თავს და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე იმ ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აღმოაჩნდება, რომ ქვეყნის მდგრად, მშვიდ დემოკრატიულ სვლას ევროკავშირისკენ ხელი შეუშალოს. იმის გამო, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი და არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, საგარეო პოლიტიკური ვექტორი სწორედ “ქართული ოცნების” მიერ არის განსაზღვრული კონსტიტუციურ დონეზე, ამიტომ ასეთ ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება და ის მარცხისთვის არის განწირული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები – „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები