“ღარიბაშვილმა და ალიევმა ძალიან კარგად, გააზრებულად და საქმიანად ახსნეს, რას ვაკეთებთ რეგიონში, რა მნიშვნელობა აქვს ამას როგორც რეგიონისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის”- ზაალ კასრელიშვილი დავოსის ფორუმის შესახებ

“მოგვეწონა მიდგომა და ის გრძელვადიანი პრესკონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელმძღვანელობამ ჩაატარა. ძალიან კარგად, გააზრებულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმიანად ახსნეს, რას ვაკეთებთ რეგიონში და რა მნიშვნელობა აქვს ამას როგორც რეგიონისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ანალიტიკოსმა დავოსის ეკონომიკური ფორუმი შეაფასა.

წელს გარდამტეხი წელია. ისეთი წელია, რომელიც მთელს მსოფლიოში სიახლეს მოიტანს. ამ წელს მთავარი მოვლენის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტურები გამოიკვეთება. ეს რუსეთ-უკრაინის ომი გახლავთ და ჩვენც გვეცოდინება, პროცესების ფორსირება რა მიმართულებით მოვახდინოთ და რა მიმართულებებზე ვთქვათ უარი. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე , რომელიც ამ ბოლო დროს აიწონა- დაიწონას თამაშს უფრო ჰგავს, ჩვენი აზრით, ქართულ მედიასივრცეში ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა – დავოსის ეკონომიკური ფორუმი სათანადოდ არ გაშუქდა. ნამდვილად გაშუქდა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ პოსტსაბჭოური სივრცის რესპუბლიკებში უფრო კარგად გაშუქდა , ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ფორუმზე მიწვეული საერთოდ არ ყოფილა.

რაც შეეხება ფორუმს: მოგვეწონა მიდგომა და ის გრძელვადიანი პრესკონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელმძღვანელობამ ჩაატარა. ძალიან კარგად, გააზრებულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმიანად ახსნეს, რას ვაკეთებთ რეგიონში და რა მნიშვნელობა აქვს ამას როგორც რეგიონისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. ეს ომიც მოლაპარაკებებით დამთავრდება, ამიტომ ის ქვეყნები, რომლებსაც ბუნებრივი რესურსი, კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და თავის ქვეყნის განვითარებისთვის ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვთ, უკვე ომის შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან. საქართველო და აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სწორედ ამ მესიჯით წარდგნენ: “არა სურვილი, არა გვინდა, არამედ, ვაკეთებთ”. ეს გზავნილია მთელი კაცობრიობისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს ეკონომიკურ საფუძველს უქმნიან. ადრეც ვისაუბრეთ ამაზე და მოგახსენეთ, რომ ეს ევრაზიული პროექტები ზოგადკავკასიური ერთიანობის ეკონომიკური საფუძველია. მადლობა ღმერთს, ამის დრო მოვიდა. სამწუხაროდ, ვერც წინა ხელისუფლებამ, ვერც იმის წინა ხელისუფლებამ ეს პროცესები ვერ წამოიწყო და ეს საჩვენოდ ვერ გამოვიყენეთ, ახლა ამის საშუალება არის და კეთდება. ძალიან კარგია, რომ კეთდება. ერთი შენიშვნა გვაქვს, ” შუა დერეფანი” ჩვენთვის მაინცდამაინც მისაღები სახელი არაა. ვფიქრობთ, ამ პროექტს ისეთი მასშტაბური, ეპოქალური მნიშვნელობის სახელი უნდა ჰქონდეს, როგორიც თავადაა. მაგალითად, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში როგორი როლიც ” აბრეშუმის გზამ” შეასრულა. მაგალითად, “ევრაზიული სამშვიდობო დერეფანი” , ან “ტრანსევრაზიული დერეფანი” , რაღაც ასეთი მნიშვნელოვანი სახელი დავარქვათ. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვა იმას, ეს ამბავი რა ტემპით განვითარება. ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრემიერის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან ზომიერი განცხადებები გაკეთდა . აბსოლუტური თანხვედრაა და ვფიქრობთ, მთავარი ახლა ამ გაცხადებებში ისაა, რომ ეს არ არის სურვილები, არ არის პროექტის დონეზე, ეს დაწყებული საქმეა, რომლის პირველსახე არის ელექტროენერგიის გადამცემი კაბელისთვის მზადება, საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხი, ინფრასტრუქტურის განვითარება.

როგორც მოგახსენეთ, 2023 წელში იმის კონტურები გამოიკვეთება, თუ საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი, რა ფორმით, შეიძლება, დამთავრდეს. ომის შემდგომი პერიოდისთვის საქართველო და აზერბაიჯანი უკვე მზად არიან. ჩვენი შესაძლებლობების რეალიზაცია, სისტემაში მოყვანა მოვახდინეთ. ამ სისტემამ სარგებელი აუცილებლად უნდა მოიტანოს, როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანისთვის, მთლიანად რეგიონისთვის. როდესაც რეგიონზე ვლაპარაკობ, მარტო სამხრეთ კავკასიას აღარ ვგულისხმობ. მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ მომავალში რუსეთი ვერასდროს იქმება ისეთი, როგორიც იყო, მას მოუწევს, გათავისუფლდეს ამპარატავნებისგან, უნდა,თუ არა , მოუწევს, მეზობლებთან ურთიერთობები დაალაგოს, პირველ რიგში, საქართველოსთან. თუ საქართველოსთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს და არ დაალაგებს, ჩრდილო კავკასიაში გართულებები ექნება. იმ ტაქტიკით, რითაც ჩრდილო კავკასიას მართავს, მართვას ვეღარ გააგრძელებს. ჩრდილო კავკასიელებთან ურთიერთობას ქართველების გარეშე ვეღარ დაალაგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს, უკვე მთელს ჩრდილო კავკასიასთან ომი ატეხოს.
ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკები, სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკები, შუა აზია, წინა აზია, ევროპა, ფაქტობრივად, ამ პროექტების სიცოცხლისუნარიანობას შეჰყურებს, აღმოსავლეთისთვის, როგორც ნედლეულის და რესურსების რეალიზაციის ბრწყინვალე საშუალებაა და მდიდარი ევროპისთვის ენერგომატარებლების უწყვეტი მოხმარების საშუალება.

ძალიან კარგი იყო,  როცა დავოსის ფორუმზე  საქართველოს პრემიერის მხრიდან  თბილისში სამშვიდობო პლატფორმის შექმნის ინიციატივა ისევ გაჟღერდა.  საქართველომ შესთავაზა,   აზერბაიჯანი თანახმაა,  სომხეთი პერსპექტივას ვერ ხედავს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება ადრეც გავაჟღერეთ. სომხეთი ელოდება რუსეთ- უკრაინის ომის დამთავრებას. მას მოლაპარაკებები აქვს რუსეთთანაც, ევროპასთანაც. ელოდება, რა ფორმით დამთავრდება ომი. ვფიქრობთ,  თბილისში კავკასიურ ქვეყნებთან ერთად დაჯდომა, მოლაპარაკებების წარმოება მის ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებს. ის ყოველთვის ცდილობდა,  მფარველი კავკასიის ფარგლებს გარეთ ჰყოლოდა. ამიტომ, კავკასიის ფარგლებს გარეთ ქვეყნებს ყოველთვის აძლევდა საშუალებას, კავკასიაში მათი ინტერესები სომხეთის გავლით დაბალანსებულიყო. ის თავის მდგომარეობის   ინტერნაციონალიზაციას ცდილობს. იცის, რომ ყარაბაღს ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ უნდა, ზანგეზურის დერეფნით ბოლომდე ივაჭროს, მაქსიმუმი მიიღოს როგორც დასავლეთისგან,  ისე რუსეთისგან. მაგრამ, ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ, თბილისში სამშვიდობო ფორუმის, მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ინიციატივები უნდა გამოვიჩინოთ”- განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია, “- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის შესახებ ისაუბრა.

აზერბაიჯანთან ერთად ვავითარებთ სხვადასხვა ინიციატივას. მაგალითად, მინდა ვახსენო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. ესეც ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში, მაქსიმუმ 20 დღეში, 45 დღე თუ სჭირდება ზღვით. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას. ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, – ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები