იაგო ხვიჩია: სერიოზული დისკუსია უნდა გვქონოდა, შეგვეძლო თუ არა, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, თანამედროვე, დასავლური შეიარაღება მიგვეღო

ნაცვლად იმ „სანტა-ბარბარასი“, რაც ქვეყანაშია, სერიოზული დისკუსია უნდა გვქონოდა, შეგვეძლო თუ არა, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, თანამედროვე, დასავლური შეიარაღება მიგვეღო და როგორ შეიძლება რუსული აგრესიისგან ვიყოთ დაზღვეული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატი „გრასის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, არა მოკავშირეების, არამედ „რუსეთის წყალობის“ იმედად რჩება.

„ზოგადად, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ და რუსეთთან მარტო არ უნდა დავრჩეთ, სწორი მგონია. მაქვს ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარულ ნაწილში, უკრაინის რაღაც ტიპის დახმარება გვქონდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით არასაკმარისი დახმარების გამო. ჩემი აზრით, ჩვენი მიზანი უნდა ყოფილიყო თანამედროვე, დასავლური სტანდარტის შეიარაღების და მხარდაჭერის მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს საქართველოში მოუნდა აგრესიის განხორციელება. ვინაიდან უკრაინა არ აღმოჩნდა დაზღვეული, არც არავინ არის, მითუმეტეს ჩვენ 2008 წლის გამოცდილება გვაქვს და როგორ შეიძლება ვიყოთ დაზღვეული. მთავარი შეცდომა, რასაც ჩვენ ამ პროცესში ვუშვებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ამის საფასური რა იქნებოდა და არ მჯერა, რომ ამის საფასური იყო ომში ჩართვა, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს სხვა არც ერთი ქვეყანა ომში ჩართული არ არის, ამიტომ მე არ მგონია, რომ ჩვენ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვდა. რაც შეეხება იმას, შეგვეძლო თუ არა მიგვეღო უკრაინის დახმარების სანაცვლოდ თანამედროვე, დასავლური ტიპის შეიარაღება, ჩემი აზრით, ამაზე არ შეიძლება უაპელაციოდ „კი“ ან „არას“ თქმა. ჩემი აზრით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით სერიოზული დისკუსიები უნდა გაგვემართა და ნაცვლად იმ „სანტა-ბარბარასი“, რაც ქვეყანაშია გამართული, ასეთ თემებზე უნდა გვქონოდა დისკუსია და მივსულიყავით გადაწყვეტილებამდე,“- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები