მათიკაშვილი – გონჩარენკოს განცხადებაზე: იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურია

გონჩარენკოს, რომელიც ომის პარტიის ნაწილია, ასევე მის მეგობრებს საქართველოში, არ უნდათ მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რასაც საქართველო აღწევს. მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინთოს ცეცხლი და გაიხსნას „მეორე ფრონტი“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, რომელიც მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

გონჩარეკომ თქვა, რომ უკრაინა „მადლობელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას“.

მათიკაშვილის თქმით, გონჩარენკო აცდენილია რეალობას.

„თუკი ის საქართველოს როლს ადრის ბალტიის ქვეყნებს, ნატოს- ს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც გადაფარებული აქვთ ნატო- ს ე.წ. უსაფრთხოების ქოლგა, ან ახალ ზელანდიას, რომელიც ათიათასობით კილომეტრით არის დაცილებული რუსეთს და უკრაინას, აქ სპეკულაცია ცალსახაა. თბილისიდან 50 კილომეტრში დგას რუსული შეიარაღებული ძალები, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ყველაფერი სწორედ გონჩარენკოს მეგობარი და მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა, როცა იმ ქცევის შედეგად, რაც მათ ჩაიდინეს, ვერ აირიდეს და არ აირიდეს რუსული აგრესია, მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ახლა იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურიც არის. ეს „მეორე ფრონტის“ გახსნას ემსახურება. გონჩარენკოს, რომელიც ომის პარტიის ნაწილია და მის მეგობრებს საქართველოში, არ უნდათ მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რასაც საქართველო აღწევს. მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინთოს ცეცხლი, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ და როგორც გონჩარენკოს კიდევ ერთმა კოლეგამ ბრძანა, მხოლოდ უკრაინელი ქალების და ბავშვების შეწირვა არ მოხდეს ამ ომში. სხვა ქვეყნის ქალებისა და ბავშვების დახოცვით თითქოს რაიმე შვება ექნება უკრაინის ომს. ეს წარმოუდგენლად ამორალური განცხადებაა,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები