გიორგი კახიანი: როდესაც საუბრობენ, თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთი ფაქტი მაინც არსებობს ბუნებაში?
როდესაც საუბრობენ, თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთი ფაქტი მაინც არსებობს ბუნებაში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CNN-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვას, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, მაშინ როცა აკრძალული საქონელი რუსეთში მაინც შედის, მათ შორის, ბოლო ცნობების მიხედვით, საქართველოდან.
მისი თქმით, არ შეიძლება სახელმწიფოს მსგავსი პრეტენზიები ფაქტების გარეშე წაუყენონ.
„როდესაც საუბრობენ, თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთი ფაქტი მაინც არსებობს ბუნებაში? შეიძლება სახელმწიფოს ასე მარტივად ასეთი პრეტენზია წაუყენო და ამის არანაირი ფაქტი არ არსებობდეს? რაღაც დამატებითი შედინებები რომ იყოს საქართველოდან რუსეთში, ეს ხომ სტატისტიკაზე აისახებოდა? როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ექსპორტი საქართველოდან 2022 წლის არის 12%-ით შემცირებული. რასაც ლაპარაკობენ, ამის ერთი მტკიცებაც არ არსებობს, ეს ძალიან მარტივად ნიშნავს ზეწოლას სახელმწიფოზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანის თქმით, როდესაც CNN-ის ეთერში ასეთი კითხვები ისმება და ასეთი პასუხები გაეცემა, ეს არის ბრძოლა და ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„საუბარი იმით დავიწყე, რომ ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ – მეთქი და სწორედ ეს არის ამის მაჩვენებელი, ასეთი ბრძოლები, ეს ბრძოლაა აბა რა არის, როდესაც CNN-ზე ასეთი კითხვა დაისმება და შემდგომ ასეთი პასუხი გაეცემა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ეს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა და ზეწოლის მოხდენაა სახელმწიფოზე. რა მიზნებს ისახავს ეს? მოცემულობაა, რომ ყველამ ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ ეს არის ტყუილ ინფორმაციაზე აგებული კონკრეტული რაღაც კონკრეტული დასმული კითხვები და და კონკრეტული შეფასებები და აქედან რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს? დასკვნები არის ის, რომ რაღაცისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო და რისთვისაა საჭირო?
როგორც ჩანს, არის ისეთი ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც დღეს არის უკრაინა, ბრძოლის ველად გადაიქცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ამ გამოწვევის წინაშე ვართ, ეს ბრძოლები არ დასრულებულა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.