ნონა მამულაშვილი: მოგმართავთ ინიციატივით, ხალხს ვკითხოთ, უნდათ თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს საქართველოს პარლამენტში
მოგმართავთ სამართლიანი ინიციატივით, ხალხს ვკითხოთ, უნდათ თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლისთვის გაუგებარია, რა აკავებს აღნიშნულ პარტიას საქართველოს პარლამენტში.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მათთვის არის გაუგებარი, ვერ ხვდებიან, რა აკავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს პარლამენტში, თუმცა კონკრეტული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა არის ეფექტიანი. რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პროცესის ეფექტიანობას ყველაზე კარგად განსაზღვრავს საზოგადოება, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მოგმართავთ სამართლიანი ინიციატივით, რომ როგორც ხალხს ვეკითხებით თუ ვინ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე, იმავე ხალხს ვკითხოთ, უნდათ თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს საქართველოს პარლამენტში. ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.