„მთხოვდა დავმდგარიყავი ხაბეიშვილის მხარეს“ – მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა შუამავალი რამდენჯერმე გაუგზავნა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ხაბეიშვილის მხარდაჭერის მოთხოვნით ვანო მერაბიშვილმა შუამავალი რამდენჯერმე გაუგზავნა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან მხარდაჭერაზე უარი მიიღეს, უარის წერილი დამახინჯებული ფორმით, ლევან ვაშალომიძის ხელით აჭარაში, ბათუმის აქტივთან შეხვედრაზე გამოიყენეს.
„მთხოვდა დავმდგარიყავი ხაბეიშვილის მხარეს. ამ საუბარში ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში იმ მხარეს მთავარი ფიგურა ვანო მერაბიშვილია და სწორედ ამიტომაც ვანო მერაბიშვილის სახელით მოვიდნენ ჩემთან. შემოგვთავაზეს ყველაფერი რისი შემოთავაზებაც შეიძლება და არ შეიძლება, ზოგადად პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან უარი მიიღეს, უარის წერილი, რომელიც მას გავუგზავნე, დამახინჯებული ფორმით, ლევან ვაშალომიძის ხელით გამოიყენეს აჭარაში, ბათუმის აქტივთან შეხვედრაზე“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.