კულტურის სამინისტრო მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო გამოჩენილი პიანისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მანანა დოიჯაშვილის, გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
„მანანა დოიჯაშვილი წლების განმავლობაში აქტიურ საშემსრულებლო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი კონსერვატორიას უკავშირდება. მანანა დოიჯაშვილმა წარმატებით დაამთავრა კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი, ხოლო 1973 წელს, ბატონ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით – ასპირანტურა. იმავე წელს მანანა დოიჯაშვილმა დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა, რასაც თავისი ცხოვრების არაერთი წელი მიუძღვნა და წარმატებულ პიანისტთა თაობები აღზარდა.
მანანა დოიჯაშვილი საშემსრულებლო კარიერის დასაწყისში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ავსტრალიაში გამართული მნიშვნელოვანი მუსიკალური კონკურსების (1970, 1974, 1977 წლები) ლაურეატი გახდა, ხოლო შემდეგ, მისმა დახვეწილმა მუსიკალურმა გემოვნებამ და განსხვავებულმა არტისტულმა ტემპერამენტმა მრავალ სხვა ქვეყანაში წარმატებული გასტროლები განაპირობა.
მანანა დოიჯაშვილი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი 2000-2011 წლებში, 1997 წლიდან – კონსერვატორიის დიდი დარბაზის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ფაქტობრივად, ეს დარბაზი ათი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და 1997 წელს მას სწორედ ქალბატონი მანანას ძალისხმევით დაუბრუნდა ტრადიციული ფუნქცია.
ასევე, მანანა დოიჯაშვილი იყო საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი. მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტი უკავშირდება. მან დააარსა მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკური (1995 წელი) და პიანისტთა საერთაშორისო (1997 წელი) კონკურსები. ქალბატონი მანანას დაფუძნებულია კონსერვატორიის დიდი დარბაზის ყოველწლიური „საახალწლო ფესტივალიც“ (1997 წელი), რომელიც უკვე 25 წელს ითვლის. მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა – სამუსიკო სემინარიის დაფუძნება, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსების აღზრდას წლებია, რაც ემსახურება.
მანანა დოიჯაშვილს მიღებული აქვს არაერთი წოდება და ჯილდო: საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1989 წელი), ღირსების ორდენი (1999 წელი), ფალიაშვილის პრემია (2003 წელი), რუსეთის საშემსრულებლო ფონდის პრემია (2004-2005 წლები), საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენი (2005 წელი), „მსოფლიოს სახალხო დიპლომატის“ საპატიო წოდება (2005 წელი), საქართველოს ბრწყინვალების ორდენი (2010 წელი), რუსთაველის პრემია (2012 წელი).
ფასდაუდებელია ქალბატონი მანანას წვლილი ეროვნული სამუსიკო განათლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა თუ პოპულარიზაციაში. თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე, საქართველოს განვითარების ყველაზე რთულ პერიოდში, მან შეძლო თბილისის კონსერვატორიის საუკეთესო ეროვნული სამუსიკო-საშემსრულებლო ტრადიციების აღორძინება და მისი საერთაშორისო დონეზე წარმატებით წარმოჩენა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდად აფასებს ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართული კულტურის ყველა ქომაგს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.