ირაკლი ქადაგიშვილი: შიში გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ხაბეიშვილმა არჩევნები წააგოს, ალბათ ამ ვითარების შესაცვლელადაა ჩანაწერი გავრცელებული
“ფაქტობრივად, პარტიის შიგნით მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებულები და ეს ფაქტი ზედაპირზე დევს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
„ის, რომ ხელისუფლებას სჭირდება პარტიაში რამენაირად ჩარევა, ამის ლოგიკა მაინც ხომ უნდა არსებობდეს? ფაქტობრივად, პარტიის შიგნით მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებულები და ეს ფაქტი ზედაპირზე დევს. ჩანაწერში მელია ამბობს, რომ სააკაშვილის მოწოდება არ არის ჯანსაღი და ათიდან ერთს ვამბობ, აბსურდულ მოთხოვნებს აყენებსო. თუ შიდა ბრძოლის დროს ვინმეს ვინმეს დისკრედიტაცია უნდა და სააკაშვილზე ასეთი ცუდის მთქმელის იმიჯი შესძინოს, ამ ჩანაწერის გავრცელება მის ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ეს ფრთა იმან შეაშფოთა, რომ პარტიის რიგით ამომრჩეველში ვერ პოულობენ ხაბეიშვილის დიდ დასაყრდენს, განსაკუთრებით, სამეგრელოში ვიზიტების შემდეგ შიში გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ხაბეიშვილმა არჩევნები წააგოს. ალბათ ამ ვითარების შესაცვლელად არის გავრცელებული ჩანაწერი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.