მედია: ჩეჩნეთში ძალოვანებმა 14-მდე ადამიანი გაიტაცეს და აწამეს

ჩეჩნეთის სოფელ ალხან-კალაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სავარაუდოდ რვიდან 14-მდე ადამიანი გაიტაცეს.

ამის შესახებ “Kavkaz.Realii” ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გატაცების შესახებ ასევე ტელეგრამის არხები “1ADAT” და “NIYSO” წერდნენ. მათ ასევე გამოაქვეყნეს დაკავებულთა სიები, მათგან ერთში რვა ადამიანია ნახსენები, მეორეში – 14.

ტელეგრამის არხების ცნობით, ჩეჩნები სოფლიდან 7 იანვარს წაიყვანეს.

Kavkaz.Realii-ს ცნობით, გატაცებები შესაძლოა, ექსტრემიზმის ბრალდებას უკავშირდებოდეს.

ძმებ სოლსაევების ნათესავმა, რომელიც ამჟამად ევროპაშია, თქვა, რომ მისი ნათესავები “გროზნოს რაიონის პოლიციის სამმართველოში, სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული, და 9 იანვარს დილით, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში გადაიყვანეს”.

მისი თქმით, ოფიციალურად მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

“მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს. უშიშროების ძალები მათზე აჭრილი არიან ხელისუფლების მიმართ მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. არ ვართ დარწმუნებული, რომ ძმები ახლა ცოცხლები არიან”, – თქვა მან.

“1ADAT”-ის ცნობით, სოლსაევები აწამეს.

ჩეჩნეთის ხელისუფლებაში და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში გატაცებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები