უზბეკეთში 18 ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, რომლებმაც მანამდე გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღეს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საუბარია ინდური კომპანია Marion Biotech Pvt. Ltd-ის მიერ წარმოებულ სამკურნალო სიროფზე – “Doc-1 Max”-ზე,რომელიც რესპუბლიკაში 2012 წლიდან შედის. პრეპარატი სიროფისა და აბების სახით არსებობს.
საქმე წამლის იმპორტიორის და შპს „მედიკამენტების სტანდარტიზაციის სამეცნიერო ცენტრის“ თანამშრომლების წინააღმდეგ – “უხარისხო ან ფალსიფიცირებული მედიკამენტების ან სამედიცინო პროდუქტების წარმოების, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის მუხლით აღიძრა, რამაც ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია”. ამ მუხლით ბრალდებულებს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ეჭვმიტანილები ამ დროისთვის დააკავეს.
რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიროფის ერთი პარტია სახელწოდებით “doc-1 max”-ი ეთილენგლიკოლს, ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდა.
თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია რა გახდა ბავშვების გარდაცვალების მიზეზი.
პრეპარატი სულ 6-წლამდე ასაკის 21-მა ბავშვმა მიიღო, სამის გადარჩენა მოხერხდა.
უზბეკეთში Doc-1 Max რეცეპტის გარეშე იყიდება, მაშინ როდესაც მეზობელ ყირგიზეთში ის აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გამბიაში 69 ბავშვი, ნიუ დელიში დაფუძნებული Maiden Pharmaceuticals Ltd-ის მიერ წარმოებული ხველების საწინააღმდეგო სიროფს შეეწირა.
მომხდარის შემდეგ ინდოეთის მთავრობამ პრეპარატის წარმოება შეაჩერა.
ჯანმო-ში განაცხადეს, რომ ბავშვების სიკვდილის მიზეზი მიღებული სიროფის შედეგად თირკმლის უკმარისობა გახდა. მიზეზი ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობაა – დიეთილენგლიკოლისა და ეთილენგლიკოლის.