ოკუპანტებმა დღეს უკრაინაში 120-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს – პოდოლიაკი
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსი ოკუპანტების დღევანდელი მასიური დაბომბვის დროს, 120-ზე მეტი რაკეტაა გამოყენებული.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაწერა.
„ ბოროტმა რუსულმა სამყარომ“კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურად განადგურებისთვის 120-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ველოდებით „სამშვიდობოების“ შემდგომ წინადადებებს „მშვიდობიანი დარეგულირების“, „რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ და განცხადებები პროვოკაციების არასასურველობის შესახებ“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერში“.
უკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის დღევანდელი დაბომბვა განხორციელდა სტრატეგიული თვითმფრინავებიდან და გემებიდან. გარდა ამისა, რუსული ტაქტიკური ავიაციის მაღალი აქტიურობა შეინიშნება.
ამ ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა სურათი წარწერით – “კალიბრი” – არასდროს დასრულდება”.