ვატო შაქარიშვილი – „პრეზიდენტის გუშინდელმა პოზიციამ კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქვეყანას წინასაახალწლოდ ნეგატიურ სიურპრიზს უმზადებს“

„პრეზიდენტის გუშინდელმა პოზიციამ არათუ გაფანტა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩვენს ქვეყანას წინასაახალწლოდ რაღაც ნეგატიურ სიურპრიზს უმზადებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ გამართული აქციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ დამრიგებლური, მენტორული და შეურაცხმყოფელი ტონი აირჩია.

„პრეზიდენტის ბრიფინგი გაგრძელება იყო იმ აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონისა, რომელიც მან ქართულ საზოგადოებასთან სალაპარაკოდ აირჩია. მინდა, მას შევახსენო, ამ ტონალობაში ვის ელაპარკებოდა: ესენი იყვნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები, განადგურებული ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილმა სიცოცხლის ხალისი წაართვა, მათი ჭრილობები, ტკივილი დღესაც მიმდინარეა. უმძიმესია, როცა ამ ყველაფერს უყურებენ და მათ კიდევ იმაზე აქვთ საფქირალი, ქუჩაში უწევთ გამოსვლა იმისათვის, რომ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდეს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები საკუთარ შვილებს ვეღარაფერს უშველიან , ეს უმძიმესი მოცემულობაა. მათ სხვისი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა უწევთ, რადგან ყველაზე კარგად იციან, რომ სააკაშვილის პასუხიმგებლობიდან გათავისუფლება ქვეყანას უმძიმეს შედგებს მოუტანს, ესაა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, ქვეყნის დესტაბილიზაციის პროვოცირება, ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ მუდმივი სურვილი აქვთ, ამ ქვეყანაში ხელისუფლება არასაარჩევნო მეთოდებით შეცვალონ და ეს ყველაფერი წყალს მათ წისქვილზეც დაასხამს. გუშინდელი შეკრებაც სწორედ ამის პრევენციას ემსახურებოდა.

ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ამ ადამიანებს [გუშინდელი აქციის მონაწილეებს] მოჰფერებოდა, დაემშვიდებინა, გაემეორებინა თუნდაც მისი პოზიცია, რომ „არა და არასდროს“ , მან დამრიგებლური, მენტორული შეურაცხმყოფელი ტონი აირჩია, მოცემულობასთან, ვითარებასთან აბსოლუტურად არაადეკვატური, შეუსაბაომო იყო. მე ადგილზე ვიყავი და ვნახე, რომ როდესაც პრეზიდენტი სასახლიდან გამობრძანდა, იქ შეკრებილი საზოგადოება მას ოვაციებით შეეგება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს შეკრება, ეს მიტინგი არავისთან მივარდნა, არავის საწინააღმდეგო აქცია არ იყო, პირიქით, ეს იყო მისი მხარდამჭერი, მისი გამამხნევებელი აქცია. ამას ისიც ადასტურებს, რომ იქ შეკრებილი საზოგადოების 100 % ის ადამიანები იყვნენ, ვინც მას 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გვერდში დაუდგა. ის საქართველოს პრეზიდენტად ამ საზოგადოებამ აქცია. შესაბამისად , მისი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ ათმაგად, ასმაგად შეურაცხმყოფელი იყო.

პრეზიდენტის გუშინდელმა პოზიციამ არათუ გაფანტა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩვენს ქვეყანას წინასაახალწლოდ რაღაც ნეგატიურ სიურპრიზს უმზადებს“ – განაცხადა შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ 15:00 პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და მოითხოვეს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა.

„ჯერ მე მაქვს კითხვები: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე  სალომე ზურაბიშვილს  ჟურნალისტებმა ჰკითხეს,  აპირებს,  თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები