ComCom-მა ქობულეთსა და ხელვაჩაურში 500-მდე მოქალაქესთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა

Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის გვარაში, წყავროვკაში, ლეღვაში, ქაქუთში, აჭარისწყალში, მაღლაკონში, კაპნისთავში, კიბეში, მარადიდში, კირნათში, აჭარის აღმართში, ქედქედში, ზედა ჩხუტუნეთში, ქვედა ჩხუტუნეთში, ჩიქუნეთში, თხილნარში, ზედა თხილნარში, აგარაში, მახოსა და სიმონეთში, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები ციფრული და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობასა და ინტერნეტზე მოთხოვნის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები, მცირე მეწარმეები და ფერმერები, ასევე გენდერული საბჭოს წარმომადგენლების და გაერთიანება „ქალთა ოთახის” წევრები ესწრებოდნენ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ინტერნეტის სარგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების შესახებ სემინარები, რომლებიც მათ შორის ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების მეთოდებსა და სასარგებლო ონლაინ რესურსების გაცნობას მოიცავს, იანვრიდან დაიწყება.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” Log in Georgia-ს პროექტის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებისთვის ცნობიერების ამაღლებასა და ციფრული უნარების გაზრდას. შეგახსენებთ, რომ Log-in Georgia-ს პროექტი საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციას, სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნას, ასევე, ციფრული სერვისებისა და სასარგებლო ონლაინ რესურსების გამოყენების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები