„თბილისელებს ვურჩევდი, ნაკლები მოსწიონ, საკუთარ ჯანმრთელობასაც უკეთესად მიხედავენ და ნაკლები ნაგავიც დაიყრება“ – ადამიანი, რომელიც ახალ წელს ქუჩაში ხვდება

ეს ადამიანი რუსთაველის მეტროსთან გავიცანი, როდესაც მსახიობმა და პოეტმა მაია კახიძემ წინასაახალწლო აქცია გამართა და გამვლელ – გამომვლელებს წიგნები უსახსოვრა… სასიამოვნოდ გაგვიკვირდა, როდესაც  მეეზოვის ტანსაცმლიანმა კაცმა სიხარულით გამოართვა წიგნი და თან საკუთარი ლექსი  წარმოთქვა რუსულად.
იგი ძირძველი თბილისელი ალექსანდრე გეგეჭკორი აღმოჩნდა.

– ვარანცოვზე დავიბადე. სკოლაში 1972 წელს შევედი, ეგრევე დამსვეს პირველ კლასში 0 კლასის მაგივრად. დირექტორის მოადგილესთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი ვიცოდი, ვიდრე მოეთხოვებოდა სკოლაში შემსვლელს.  1982 წელს დავამთავრე სკოლა. გაგიკვირდებათ და… 2001 წელს ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, უკვე 30 წლის ვიყავი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის  ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე. მანამდე მე ინგლისური ჩემით ვისწავლე. დავჯექი ერთი წელი სახლში, სულ ვწერდი ვკითხულობდი, მეზობლები დამცინოდნენ,   პროფესორი გინდა, რომ გამოხვიდეო? პროფესორი არა, მაგრამ ინგლისურს ვისწავლი-მეთქი, – მათ ვუპასუხე.
ასე ვისწავლე წერა-კითხვა, მერე ჩავაბარე უმაღლესში და 5 წელი ვისწავლე.
ვცდილობ, მეტი პრაქტიკა მივიღო, თუ შემხვდება ინგლისურენოვანი მოსაუბრე, ვცდილობ კონტაქტის დამყარებას, რომ ენა არ დამავიწყდეს.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნორვეგიაში წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე, ბევრი კარგი, განათლებული ადამიანი გავიცანი, რამდენიმესთან დღესაც მაქვს ურთიერთობა. დამადეპორტეს და დავბრუნდი საქართველოში.
რომ ჩამოვედი,  ჯერ დაცვაში დავიწყე მუშაობა, მერე მოვეწყე „თბილსერვისჯგუფში“.
– როგორია თქვენი მუშაობის განრიგი?
– ვმუშაობ ყოველდღე პარასკევის გარდა, ჩემი ადგილია რუსთაველის მეტროს ტერიტორია და აზარიანცის სახლის გაჩერება,  რომ ეს ადგილები სუფთა იყოს.
– არ გეთაკილებათ მეეზოვეობა?
– რა თქმა უნდა, არა, სამუშაო სამუშაოა. აგერ პოლიციელი მუშაობს, ზოგს ეთაკილება ესეც…  არადა პოლიციელი პირველი პროფესიაა მსოფლიოში. მერე, ჩემი აზრით,  მოდის მეეზოვე, წესრიგი და სისუფთავე უმთავრესია ქალაქში. როგორც „ვერის უბნის მელოდიებშია“,  მთელი ფილოსოფია ეგ არის, ოღონდ „ბუნტი“ არ იყოს და დანარჩენი ყველაფერი სუფთად უნდა იყოსო…
– ინგლისური ენის სპეციალისტი ბრძანდებით და… თქვენი პროფესიით არ გიცდიათ მუშაობა?
– ვამზადებდი ბავშვებს, სკოლაშიც მიმუშავია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე სამუშაოა. აქ კიდევ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, თან ძალიან მიყვარს სისუფთავე, ბავშვობიდან მიყვარს დალაგება. მახსოვს, პატარა ვიყავი, დედაჩემი მეეზოვეს რომ დაელაპარაკებოდა, ცოცხს გამოვართმევდი და ვიწყებდი დაგვას, დალაგებას…  აქ ვისვენებ…
– რას ფიქრობთ თბილისზე, მის მოქალაქეებზე, სისუფთავეზე?
– არ მინდა, საყვედური გამოვთქვა. მათ ვეტყოდი, რომ ჯობია, ნაკლები მოსწიონ, საკუთარ ჯანმრთელობასაც  უკეთესად მიხედავენ, თავის ბიუჯეტსაც ეკონომიურად მოიხმარენ და პლუს ნაკლები სიგარეტი, ნაგავი დაიყრება, მარტო აქ კი არა, ყველგან, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ სანტიმეტრზე ნაგავი ყრია… აქ მე ვწმენდ შეუჩერებლივ, თორემ სადაც არ იწმინდება, ყოველ კვადრატულ მეტრზე ასობით „ბიჩოკი“ გდია.
ეს უკვე სამარცხვინოა. ქვეყანა, სადაც არ არის სისუფთავე, ის ქვეყანა არ არის. მთავარია  სისუფთავე და წესრიგი, ამით მსჯელობენ ქვეყანაზე,  ოჯახშიც რომ შეხვიდე, ჯერ  სისუფთავემ და წესრიგმა უნდა მოგჭრას თვალი…
– წეღან მოვისმინე, თქვენს ლექსს რომ უკითხავდით შეკრებილ ახალგაზრდებს…
– მე პოეტი არ ვარ, რომ ვწერო, როცა სულიერად ცუდად ვგრძნობ თავს, მაშინ ვწერ რუსულად. თუ რამე მოახდენს ჩემზე შთაბეჭდილებას, ვწერ  ლექსს, რიტმულად და ფილოსოფიურადაც.
– მწერლებიდან ვინ გიყვართ?
– ყველაზე მეტად მიყვარს შექსპირი, კაფკა. მთელი ფილოსოფიაა ჩადებული მაგათ ნაწარმოებებში,  მაგრად მიყვარს დანტე ალიგიერი, რუსთაველი, გოეთეს „ფაუსტი“, ჰომეროსი… ლიტერატურას ვკითხულობ ან რუსულად ან ინგლისურად. ორივე ენა ნორმალურად ვიცი, რუსული – უფრო უკეთესად.
– რა მოგწონს და რა არა თბილისში და როგორი გინდა რომ იყოს?
– ვფიქრობ, თბილისი უფრო დიდი უნდა იყოს. მაინც პატარაა მოცულობით. ისეთი ადგილია, სადაც შეიძლება ორჯერ მეტი იყოს მოსახლეობა. ეს უპრობლემოდ გაქაჩავს. მილიონ-ნახევარი კი არა, მინიმუმ 3 მილიონი მაინც უნდა ცხოვრობდეს თბილისში, თავისი ყველაფრით, ინფრასტრუქტურით, კომფორტით. ქალაქი – სახელმწიფო სინგაპური, ასეთი მინდა, რომ იყოს…
– ძველი თვისებებიდან, ტრადიციებიდან რა დაიკარგა, რაც კარგი იყო?
– მაშინ ადამიანები უფრო სტუმართმოყვარენი იყვნენ, სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან, აზრებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ყოველ შაბათ-კვირას ვიღაც მოდიოდა ჩვენთან, სუფრაც იშლებოდა… ასეთ დროს ადამიანები უახლოვდებიან ერთმანეთს, სითბო, სიყვარულია…
– ოჯახი…
– მეუღლე და 11 წლის ბიჭი მყავს.
– როგორ ხვდებით ახალ წელს?
– ახალ წელს  ვხვდები ქუჩაში, ჩემი სამუშაო ეგაა. სხვა გზა არაა. 31 დეკემბერს შეიძლება დილის 7 საათამდე მომიწიოს მუშაობა. წინა ახალ წელსაც ასე იყო.  პარლამენტთან ზეიმი იმართება და იქ უნდა ვიყო. მარტო მე კი არა, კიდევ 200 კაცს.
ქუჩაში ვმუშაობთ, რომ მორჩება ყველაფერი და ხალხი დაიწყებს წასვლას, მერე უკვე უნდა დავასუფთავო, იმდენი ნაგავია მერე… სულ დაფარულია ქუჩა სიგარეტებით, ქაღალდებით, სასროლი რაღაცებით… სულ ცოტა ათი ჩვენი დიდი სატვირთო მანქანა მოდის, რომ მარტო რუსთაველის პროსპექტის ტერიტორია დაასუფთაოს.
– ანუ ახალ წელს ქუჩაში იქნებით და სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებთ…
– ასეთია ჩემი სამსახური.
– რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას?
– სიმშვიდეს, ყველაზე მთავარია, ომი არ გვენახოს, არასდროს აღარ იყოს ამ ტერიტორიაზე ომი, იყოს მუდამ სიმშვიდე. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, მეტი მოსახლეობა უნდა ცხოვრობდეს. სადაც არის კარგი კლიმატი და ყველა რესურსი, რაც საცხოვრებლად აუცილებელია. უნდა გაფართოვდეს ენერგიის წარმოება, ბიზნესი…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები