გერმანიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს
გერმანიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მიმდინარეობს. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.
“ვიდეო რეკლამის პარალელურად გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული.
კამპანიის მიზანია, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას გერმანიიდან საქართველოში,”- წერია ინფორმაციაში.