გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო და ქალთა ლიგა ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ქალთა ლიგის დამფუძნებლებს შეხვდნენ.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, მხარეები ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ქალთა ლიგა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის შემადგენელი სტრუქტურაა, რომელიც სამხედრო-სალაშქრო მიმართულებითა და კრიზისული სიტუაციებისთვის მოხალისეების მომზადებას ახორციელებს. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გვსურს და რაც მთავარია, გვინდა დავგეგმოთ პარლამენტის წევრების ამ პროგრამაში მონაწილეობა, რაც, ერთი მხრივ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის კუთხით წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი იქნება და მეორე მხრივ, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ამ კურსის გავლა და საჭირო ინფორმაციისა და გამოცდილების მიღება. მათთან ერთად არსებული საჭიროებები განვიხილეთ. ეს არის მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია და იმედი მაქვს კანონპროექტი, რომელიც ახლა მუშავდება მათაც შეეხება და ისინი, გარკვეულწილად, თავდაცვის სამინiსიტროს რეგულირების სფეროში გადავლენ. ამ ეტაპზე, მემორანდუმის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო მათი პარტნიორია და რა თქმა უნდა, სამინისტროს გარკვეული მონაწილეობაც უზრუნველყოფილია ამ პროგრამებში. ლეგიონი 2013 წლიდან არის დაფუძნებული და თუ ადრე გადამზადებული მოხალისეების დაახლოებით 30% იყო ქალი, ახლა ეს ციფრი 50%-მდეა გაზრდილი”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღევანდელ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: ნინო იობაშვილი და თეონა აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები