მეუფე შიო: ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით

“ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირმა) ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავი და გადმოგცემთ მის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მათეს სახარებაში საქორწინო ნადიმი, სიძის ქორწილია მოხსენიებული. აი, ამ იგავით უფალი გადმოგვცემს ჩვენ მის სიყვარულს ჩვენდამი, თუ რაოდენ დიდია მისი სიყვარული და წადილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს იგი და ჩვენ ვიყოთ მასთან ერთად. ამისთვის უფალი მუდამ აგზავნიდა თავის რჩეულ ადამიანებს – წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, ღირს მამებს და ა.შ., ვინც მოუწოდებდა ადამიანებს ამ ნადიმზე. თვითონ უფალი იესო ქრისტეც ამიტომ განკაცდა, ამიტომ მიიღო კაცობრივი ბუნება და ამიტომ მოევლინა კაცობრიობას. მისი ნებაა, რომ ყველა ადამიანი გახდეს წევრი აი, ამ სერობისა, ამ პურობისა, ამ საქორწინო სუფრისა, ყველა, ვისთვისაც უფალმა სისხლი დაღვარა ჯვარზე…

მაგრამ ეს იგავი მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ყველაა მოწვეული, მაგრამ ყველა არ სცემს პასუხს ამ მოწვევას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე, „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ საუკუნო სიცოცხლისკენ. ამიტომ მცირედნი პოვებენ მას“, მაგრამ ვინც პოვებს ამ ჭეშმარიტ გზას, ვინც უერთგულებს ეკლესიას, ისინი არიან რჩეულნი, ეკლესიის მუშაკნი და ეკლესიაში უფალი ყველა ასეთ ადამიანს აძლევს თავის მისიას, თავის დავალებას, დანიშნულებას და შესაბამის ნიჭებსა და ტალანტებს, რომ ეს შეასრულოს, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ერთნი დაადგინა უფალმან ეკლესიაში წინასწარმეტყველებად, სხვანი – მოციქულებად, მოძღვრებად, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ნიჭი, ზოგს მისცა კურნების ნიჭი, შეწევნის ნიჭი, მმართველობის ნიჭი და ა.შ. აი, ეს „მუშაკნი ეკლესიისანი“ არიან სწორედ ის რჩეულნი, რომლებზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ „მცირედნი არიან“ და მათი საქმეა, დანარჩენი ადამიანები მოიყვანონ ქრისტესთან, ქრისტეს ნადიმზე; მათი საქმე და ღვაწლი არის ის, რომ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, როგორც მცირედი საფუარი აღაფუებს მთელ ცომს, როგორც მცირე მდოგვის მარცვლიდან აღმოცენდება დიდი ხე, აი, ასეთია მათი ღვაწლი.

ჩვენ ბედნიერნი ვართ დღეს, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა აი, ამ ქრისტეს ნადიმზე. ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები