მარიამ ქვრივიშვილი: „ბაკურიანში უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები და დღეს კურორტზე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს”

ბაკურიანში თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა სექტორის წარმომადგენლებისთვის და მედიისთვის დღეს შეხვედრა გამართა და ბაკურიანში ჩემპიონატის საორგანიზაციო და უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე მოსამზადებელი საკითხების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 265 მლნ ლარის ინვესტიცია.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო ღონისძიების მასპინძლობისთვის. და დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონი გავახანგრძლივოთ, შედეგად ბაკურიანში მივიღოთ მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური, კურორტზე გავზარდოთ ვიზიტორთა გამტარუნარიანობა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში – იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა. მისი განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოვლენ ყველაზე რეიტინგული, საერთაშორისო სპორტული მედიასაშუალებები.

„ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ეპიცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები