თემურ აბულაშვილის ორტომეულის წარდგენა გაიმართება

23 დეკემბერს,18:00 საათზე, მწერალთა სახლში, თემურ აბულაშვილის ორტომეულის წარდგენა გაიმართება.
როგორც მწერლის მეუღლე, ნონა მაქაცარია ამბობს, ორტომეული, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომით, თემურ აბულაშვილის 75-ე,  საიუბილეო წლისთვის გამოიცა.
პირველ წიგნში გამოქვეყნებულია: პროზა, პოეზია, პრესა, ამონარიდები, მოგონებები, ხოლო მეორე წიგნში – პიესები, ინტერვიუები, ამონარიდები.
წიგნის შემდგენელია ივანე ამირხანაშვილი, მთავარი რედაქტორი – დიანა ტყებუჩავა; რედაქტორი – ნონა მაქაცარია. წიგნი გამომცემლობა „ფავორიტმა“ დასტამბა.
მწერალი, დრამატურგი, თემურ აბულაშვილი სიღნაღის რ-ის სოფელ ჯუგაანში დაიბადა.
1977 დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1976–81 მუშაობდა გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ და „ლიტერატურული საქართველო“. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაიდგა მისი პიესები: ახალციხეში – „წეროს გუთანი უბია“ (1983) და „თოჯინების სოფელი“ (1998) – ორივეს რეჟ. თ. პატაშური; თელავში – „სიცოცხლემისჯილი ტყვე“ (1985, რეჟ. ნ. ქანთარია); ოზურგეთში – „ფრინველების საქორწინო ცეკვები“ (1986, რეჟ. ო. კუპალაძე); ჭიათურაში – „სამიარუსიანი ქალაქი“ (1987, რეჟ. ნ. დეისაძე), ცხინვალის თეატრში – „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“ (2001, რეჟ. გ. შალუტაშვილი).
აბულაშვილის სამ პიესას („წეროს გუთანი უბია“, „თოჯინების სოფელი“, „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“) მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია  – წლის საუკეთესო პიესისათვის.
თემურ აბულაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ბიჭვინთა-ქობულეთის დრამატურგთა შემოქმედებითი სემინარების მუშაობაში.
ნოველისათვის „1992 წლის ფეხბურთი“ 1995 წელს დაჯილდოვდა გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით. ხოლო მისმა ნოველამ „მეწისქვილის ბიჭი და სახედარი“ 2010 წელს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში გაიმარჯვა.
მისი პიესები და მოთხრობები გამოცემულია ცალკე წიგნებად. მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ და თურქმენულ ენებზე.
თემურ აბულაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 30 დეკემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები