თინა ცხადაძე-რატიანის გამოფენა და „სტუმარ-მასპინძლის“ იაპონური თარგმანი

23 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა თინა ცხადაძე-რატიანის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნის დღეს, 23 დეკემბერს, 16:00 საათზე, დაგეგმილია ქართულ-იაპონური გამოცემის წარდგენაც.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება იაპონური მანგას სტილით შექმნილი შერეული ტექნიკით შესრულებული გრაფიკული ილუსტრაციების სერია ვაჟა-ფშაველას პოემის „სტუმარ-მასპინძელი“ თემაზე.
პოემის იაპონური თარგმანი ეკუთვნის იასუჰირო კოჯიმას და წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
„მანგას სტილმა ამჟამად არსებული სახით დასავლური ტრადიციების დიდი გავლენით განვითარება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. თუმცა, მანგას ღრმა ფესვები აქვს ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში. მას განიხილავენ როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ სახეობასა და ლიტერატურულ ფენომენს.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ზედმიწევნით მანგას სტილით დასურათება არ იყო მარტივი პროცესი. ეს უფრო წიგნის ილუსტრირების ტრადიციულსა და მანგას სტილს შორის ერთგვარი შუალედური ვერსიაა. წიგნში გამოყენებულია მანგას სტრუქტურა, აუცილებელი ლოგიკური კადრირება, მაგრამ თავად ესკიზები უფრო ფუნდამენტურ-არსობრივია და არა სახალისო. თინა ცხადაძე-რატიანი როგორც მანგაკა (მანგას ხელოვანი) მანგას სტილის ერთგვარ თავისუფალ ინტერპრეტაციას ახდენს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ყველა მთავარი პერსონაჟი თანაბრად საინტერესო და თან რთული შინაგანი ბუნებისაა.
მხატვარი მისი ნამუშევრებით ეცადა, გადმოეცა კონკრეტული პერსონაჟის ვაჟასეული ხედვა. ამასთან, მან ნახატების საერთო მხატვრული მთლიანობის, მისი დეტალიზაციის მეშვეობით შეეცადა შეექმნა მაშინდელი ყოფისა და ხასიათის შესაბამისი ატმოსფერო. მხატვარი თავისი შესაძლებლობების სრულ კონცენტრაციას ახდენს ერთი შეხედვით ლაკონიური, მაგრამ მრავალშრიანი ნაწარმოების უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი ნიუანსების ხაზგასმისას. ვიზუალურად ეს უფრო გამოიხატება ნახატების კომპოზიციათა საერთო პლასტიკურ გადაწყვეტაში, მათი კომპონენტების უხილავ ბმასა თუ სტილისტურ მთლიანობაში.
ნამუშევრები შემეცნებითი ხასიათისაა, რადგან წიგნი იაპონელი მკითხველისთვისაცაა განკუთვნილი. მათში გადმოცემულია იმდროინდელი ყოფა: სახლების თავისებური არქიტექტურა, ინტერიერი, ყოფითი საგნები, ტანსაცმელი, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.
თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები, აბსტრაქტული ისტორიები ქალთა შესახებ სერიიდან – ქართული მუქი (Georgian Dark) – ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები