სახელმწიფო სამ ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

H145-ის მოდელის მრავალფუნქციური სამი ახალი შვეულმფრენი, რომლებსაც შეუძლიათ, შეასრულონ როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე – სამძებრო და სამაშველო ფუნქციები, მალე საქართველოს საჰაერო ძალებს შეემატება.

ინფორმაცია ფრანგულ Airbus Helicopters- თან გაფორმებული შეთანხმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით,
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან – Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.

საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს.

H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

H145 წარმოადგენს Airbus-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები”,
– აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები