გოგა ხაინდრავა: როცა საკითხი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება, სამხრეთ კავკასიაში არანაირი დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება, ამის მაგალითი ბუქარესტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანებაა

ოთხმა ქვეყანამ: რუმინეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ გზას, რომელიც ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული. ეს, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „მწვანე ენერგეტიკა“ მსოფლიოს მომავალია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელმოწერას გამოეხმაურა.
„ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სერიოზული, განსაკუთრებული, გარდამტეხი წელი განვლო. ეს არის წელი, როცა ქართული სახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა, თავი დაიმკვიდრა. გეოგრაფიულ, რეგიონულ რუკაზე ყოველთვის ვიყავით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკური ერთეული, სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით თავისი ხედვა, მოსაზრება, ნება აქვს, ვფიქრობ, საქართველო 2022 წელს დამკვიდრდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ყველზე დიდი მიღწევაა, რომელსაც შეიძლება, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიაღწიოს. ამიტომ, ამ ამბავს ყველას ვულოცავ. ეს ყველაზე ნათლად 2 დღის წინ ბუქარესტში გამოჩნდა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ოთხმა ქვეყანამ: რუმინეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ გზას, რომელიც ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული. აბსოლუტურად ნათლად გამოჩნდა ის ფარისევლობა, რომლის მოწმენიც ვართ ევროპაში, მსოფლიო პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც საკითხი ევროკავშირის და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ეხება, სამხრეთ კავკასიაში არანაირი დაბრკოლება, დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება. ამის მაგალითი ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება და ის გულღია, გულთბილი მისალმება, რითაც ამ ხელშეკრულების გაფორმებას მიესალმა. ეს, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „მწვანე ენერგეტიკა“ მსოფლიოს მომავალია, ევროპის ერთადერთი საშველია.

სამი გზიდან, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა,  ორი დაიკეტა.  აღარც  რუსეთი, აღარც  უკრაინა, აღარც  ბელარუსი იმისთვის , რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს, აღარ არსებობს.  ერთადერთი გზა დარჩა, რომელიც საქართველოზე გადის. აქეთ არის თურქეთი. ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკა, როგორიც დღეს თურქეთს მიჰყავს, არასოდეს მიჰყავდა. გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა და ნატო-ს წევრ ქვეყანას, საბერძნეთს მიმართა, შეიძლება, ერთ დღესაც გაიღვიძოთ და ჩვენ  უკვე  იქ, თქვენთან ვიქნებითო.  ეგეოსის ზღვაში უმძიმესი მდგომარეობაა. თურქეთი და საბერძნეთი, პრაქტიკულად, შეიარაღებული კონფლიქტის პირას დგანან.

ყველაზე უსაფრთხო გზას ენერგეტიკისთვის  ირჩევენ.

ენერგეტიკა ისეთი რამ არის, რომლის გარეშეც არცერთ ქვეყანას, არცერთ გაერთიანებას არსებობა არ შეუძლია. იქ სადაც ენერგეტიკული მაგისტრალები გადის,  ყველაზე უსაფრთხო გზაა. სადაც  ყველაზე  უსაფრთხო ადგილია, იქ ყველაზე მეტი ფული, ინვესტიცია მიდის. რადგან ეს გზაა  არჩეული, ჩათვალე, რომ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკაში, ინვესტიციებში ფულს დებენ, ეცოდინებათ, რომ ეს ნაწილი არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ფული იქ უნდა ჩადონ. ეს  კეთილდღობას ნიშნავს “, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები