ირაკლი ზარქუა: გული მტკივა იმიტომ, რომ შიმშილობის საფუძველი არ აქვთ, ჩემი კოლეგები ზარალდებიან – ვნახეთ, რომ პატიმარი სააკაშვილი ლუქს პალატაშია და ყველა სერვისი მიეწოდება

“გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა სერვისი მიეწოდება.

„მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც  უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს, ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს. შიმშილობის დაწყება, ისევე როგორც დამთავრება, ეს თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. 18 დეკემბერს, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები