რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებული რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
როგორც „კვირას“ კონკურსის დამაარსებელმა, ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა აცნობა, სიახლე იყო ის, რომ პირველად კონკურსის ისტორიაში მას ახალი ნომინაცია დაემატა -„საბავშვო“.
„სტანდარტულ ნომინაციაში 80-ზე მეტი საკონკურსო მოთხრობა და ნოველა შემოვიდა, ხოლო საბავშვო ნომინაციაში – 43“, – აღნიშნა მან.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მწერალი ნინო არსენაშვილი, პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე), გამოავლინა გამარჯვებულები.
სტანდარტულ ნომინაციაში პრემიები ასე განაწილდა:
I პრემია – თემურ გოგსაძე („მეგობარი ჯოხი“);
II პრემია – თამარ წულუკიძე („დედა ჩიტი“);
III პრემია – სალომე ტაბატაძე („მე – ღმერთის საჩუქარი“).
ნომინაციაში „საბავშვო“ – გაიმარჯვა ირმა მალაციძემ („ყველაზე ძვირფასი სახლი“).
ნომინაციაში „საბავშვო“ ჟიურიმ გამოავლინა ორი საუკეთესო მოთხრობა. მათი ავტორები: ლიზი სარჯველაძე და თინა ბატიაშვილი წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
წელს, უკვე მეორედ, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე მხოლოდ ახალგაზრდა მონაწილეებისთვის, წახალისების მიზნით, დაწესდა ფულადი პრემია – 300 ლარი, რომელიც კონკურსს საკუთარი სურვილით შესწირა იტალიის პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა, მწერალმა სოლომონ ნერგაძემ. ეს პრემია გადაეცა ლიზი სარჯველაძეს, მოთხრობისთვის – „ფრენის ხმა“.
გამომცემლობა „შემეცნების“ (დირექტორი ლია შალვაშვილი) წიგნები გადაეცა თინა ბატიაშვილს, მოთხრობისთვის – „როგორ ისწავლა ბავშვმა კითხვა“.
კონკურსი, რომელიც წელს მეცამეტედ გაიმართა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით ჩატარდა.