ევროპარლამენტმა 1932-1933 წლებში უკრაინაში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი “ჰოლოდომორი” გენოციდად აღიარა.
შესაბამისი რეზოლუცია დღეს იქნა მიღებული.
“ევროპარლამენტის წევრები კატეგორიულად გმობენ ამ ქმედებებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და მოუწოდებს ყველა ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებსაც ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, მიბაძონ მათ და აღიარონ ის გენოციდად“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის გათეთრებამ და განდიდებამ და საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის კულტის აღორძინებამ განაპირობა ის, რომ რუსეთი დღეს არის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორი.
ევროპარლამენტარები ასევე გმობენ რუსეთის საზარელ დანაშაულებს, რომლებიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს, როგორიცაა ზამთრის პერიოდში უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება.
რეზოლუცია ადანაშაულებს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში; უკრაინის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს განადგურებასა და მისი ხალხის იდენტობისა და კულტურის განადგურებაში.
ის ასევე გმობს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ომმა შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისი, როდესაც რუსეთი ანადგურებს და ძარცვავს უკრაინული მარცვლეულის საცავებს და აგრძელებს უკრაინული მარცვლეულის, უღარიბეს ქვეყნებში ექსპორტის ხელის შეშლას.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ ევროკავშირმა და მესამე ქვეყნებმა აამაღლონ ცნობიერება “ჰოლდომორის” და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებების შესახებ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საბჭოთა კავშირის მთავარ მემკვიდრეს, ბოდიში მოიხადოს ამ დანაშაულებისთვის.