დავით სონღულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტები, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამები და დარგის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, რეგიონებში ვიზიტები მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების უკეთ გასაცნობად, რათა სახელმწიფო პოლიტიკა და რეგიონული ხედვები ერთმანეთთან მაქსიმალურად თანხვედრაში იყოს.
„მოვისმინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს ხედვები სრულ თანხვედრაშია ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან და იმ მთავარ პრიორიტეტებთან, რომლებიც ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სინქრონულად მუშაობა, რადგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. აუცილებელია, მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები და მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა სრულად ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონს გააჩნია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მოსავლის დაცვის ღონისძიებებზე, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონული უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
„მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ფერმერების საჭიროებები, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რომლებიც აგროსექტორის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღებს მონაწილეობას და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობა.