რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022″-ის დასკვნითი საღამო და ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს შთამბეჭდავი და საინტერესო საღამოების მოწყობისთვის, მონაწილეებს კი ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამიერიდან ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, ნაცვლად ხუთი წლისა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, კულტურის სამინისტრო კი მომავალშიც ამ პროექტის მხარდამჭერი იქნება. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები ქედიდან, მესტიიდან, ზუგდიდიდან, ამბროლაურიდან, ქუთაისიდან, თერჯოლიდან, თბილისიდან. ღონისძიებაზე ხალხური მუსიკის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიული და ქართული გალობის ნიმუშები წარმოადგინეს ფესტივალის ლაურეატებმა: ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ელესამ”, „საგალობელმა”, „იამემ”, „ადილეიმ”, ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელამ”, „შილდამ”, ,,რიჰომ”, მგალობელ-მომღერალთა გუნდმა „დიდგორმა”, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „იმერეთმა”, „გურიამ”, „ახალციხემ”, „ფესვებმა”, „თერჯოლამ”, ავტორ-მთქმელებმა გოგუცა ხერგიანმა, ბესო ჭითანავამ, ცოტნე ალბუთაშვილმა, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ვეტერანებმა, ბიძინაშვილების საოჯახო ანსამბლმა თელავიდან, გერსამიების საოჯახო ანსამბლმა ქუთაისიდან და სხვ.
კონცერტის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს სახელობითი მედლები და სიგელები გადასცეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022″ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფესტივალის ჟიური საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრა და 800 მონაწილიდან საუკეთესოები შეარჩია. კონცერტები და ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში და რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ და მცირე სცენებზე.