ნორვეგია უკრაინას 10 ხიდს გადასცემს
ნორვეგია უკრაინას 10 ხიდს გადასცემს, რათა ქვეყნის რეგიონებს შორის კომუნიკაცია აღდგეს.
ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ გუიტფელდმა განაცხადა, – წერს Norway Postsen-ი.
ხიდების ჯამური ღირებულება 30 მილიონ ნორვეგიულ კრონს შეადგენს (დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი) და დაფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული ბიუჯეტიდან.
“რუსეთის ომმა ცინიკურად გაანადგურა უკრაინის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტები. უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული ნორმალურ საგზაო მოძრაობაზე, რომ უზრუნველყოს საკვების, წყლის, მედიკამენტების მიწოდება და დაჭრილების საავადმყოფოებში გადაყვანა”, – თქვა მინისტრმა.
ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა, იონ ივარ ნიგარდმა აღნიშნა, რომ ამ დახმარების გაწევა არ იმოქმედებს თავად ნორვეგიის მზადყოფნაზე, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ხიდები.
კონსტრუქციული ელემენტები უკრაინაში 32 ტრაილერით გადაიგზავნება, რომელთაგან პირველი უკვე გზაშია.
„უკრაინაში ომი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ, დიდი ხნით გავუწიოთ დახმარება. უახლოეს მომავალში მთავრობა გამოაცხადებს ჩვენს ახალ წვლილს, გარდა დაახლოებით 14 მილიარდი კრონის დახმარებისა, რომელიც უკვე შევთავაზეთ ან გავაჟღერეთ,” – თქვა ანიკენ გუიტფელდმა.