რუსმა ოკუპანტებმა კიევზე და კიევის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კიევზე და კიევის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ქვეყნის სამ რეგიონში: კიევის, ჟიტომირისა და ვინიცას.
აფეთქებები იყო კიევის რეგიონსა და დედაქალაქში.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებებია შევჩენკოვსკის რაიონში.
“აფეთქებებია დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მიემართებიან”, – დაწერა მან.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტმა შევჩენკოვსკის რაიონში ორი ადმინისტრაციული შენობა დააზიანა.
უკვე ადგილობრივი დროით 07:25 საათისთვის კლიჩკომ დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვამ ირანული დრონების დიდი რაოდენობა ჩამოაგდო.
„კიევის რეგიონსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვამ სულ 10 “შაჰედი” ჩამოაგდო”, – დაწერა კლიჩკომ.
კიევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ ასევე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვამ დრონების მოგერიება შეძლო.
“რუსეთი ქვეყნის ენერგოტერორს აგრძელებს. მაგრამ ჩვენ დღითი დღე ვძლიერდებით”, – დაწერა მან.
დილის 7:50 საათის მდგომარეობით, ჟიტომირისა და კიევის რეგიონში საჰაერო განგაში გრძელდებოდა.