46 ქვეყნისა და 24 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები – პარიზში უკრაინის მხარდასაჭერი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საფრანგეთის დედაქალაქში “უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უძღვება.
ღონისძიებაში, მათ შორის, მონაწილეობს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანლები. კონფერენციას ესწრება უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.
ჯამურად, პარიზში 46 ქვეყნისა და 24 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელია შეკრებილი.
როგორც მაკრონმა განაცხადა, „ეს არის ირიბი მტკიცებულება იმის, რომ უკრაინა მარტო არ არის“.
“თითქმის 10 თვეა, უკრაინა მტკიცედ და გაბედულად ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას. ამას ამჯერად ღიად ვიტყვი. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს აგრესია 2014 წელს დაიწყო“, – მიმართა მაკრონმა დამსწრეებს.
მაკრონის თქმით, რუსეთმა ბრძოლის ველზე უკრაინა ვერ დაამარცხა, ამიტომ, ის „ირჩევს ცინიკურ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას”.
კონფერენციის მიზანია კიევისთვის დახმარების გაწევა რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე.
შეხვედრაზე უნდა შეიქმნას უკრაინის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციისთვის აუცილებელი სისტემა, რომ კიევმა ზამთრის პერიოდში აუცილებელი დახმარება სწრაფად და შეფერხების გარეშე მიიღოს.
Write to მარიამ ტიელიძე