ხათუნა სამნიძე: სამწუხაროდ, ხშირად არის განცდა, რომ აზრი არ აქვს მუშაობას „ქართული ოცნების“ პირობებში და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მცდარი განწყობა და განცხადება
სამწუხაროდ, ხშირად არის განცდა, რომ აზრი არ აქვს მუშაობას „ქართული ოცნების“ პირობებში და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მცდარი განწყობა და განცხადება, რომელიც ნიჰილიზმში აგდებს ჩვენს საზოგადოებას. აზრი აქვს შრომას, აზრი აქვს ბრძოლას, როგორც ყოველთვის, ისე ამ პროცესში, თუნდაც ვხედავდეთ, რომ ერთგვარ ბარიერებს ქმნის „ქართულო ოცნების“ ხელისუფლება იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და მივიღოთ მომავალში“, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა, კომპრომისი არის ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია დეპოლარიზაციისთვის.
„სამწუხაროდ, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, როდესაც მე პირადად ვნახე რა ენით საუბრობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა განცხადებები გვესმის ქვეყნის შიგნით. ეს აზიანებს სწორედ ჩვენს ევროპულ გზას და კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, რომ ზუსტად ისე ისაუბროთ ქვეყნის შიგნითაც, როგორც ამას აკეთებთ ვიზიტების დროს და შეწყვიტოთ თავდასხმები დასავლურ ფასეულობებზე და დასავლელ კოლეგებზე. სამწუხაროდ, უმრავლესობის წარმომადგენლისგან მოვისმინე, რომ კომპრომისი, თითქოს, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის პირიქით! კომპრომისი, რომელიც გვჭირდება ჩვენ, განსაკუთრებით დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებისთვის, ორივე მხრიდან არის სწორედ წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის კომპრომისი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის. სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.