ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა
ქალაქ ბრიუსელში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმდინარე მინისტერიალი, როგორც კარგი შესაძლებლობა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობისთვის.
ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მათ შორის, მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და აღინიშნა უმაღლესი წარმომადგენლის განსაკუთრებული როლი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაში.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში.
ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს; აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიტიური როლი ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მორიგი ფინანსური პაკეტის გამოყოფისათვის.